ქართული ემიგრანტული მწერლობა

 
Web Institute



მწერლობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

შალვა ამირეჯიბი

შალვა ამირეჯიბი დაიბადა 1887 წელს სოფ. ხურვალეთში. ბავშვობა დედულეთში გაატარა. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო ქართულ გიმნაზიაში. 1905 წელს ქუთაისში გამოსვლების დროს შალვა ამირეჯიბი ბარიკადებზე იდგა  მიხაკო წერეთელთან, ძმებ გოგელიებთან და დათიკო როსტომაშვილთან ერთად. თბილისში დაბრუნებული, იგი  შემთხვევით გადაურჩა დაპატიმრებას. 1906 წლის გაზაფხულზე უმაღლესი განათლების მისაღებად ევროპაში გაემგზავრა. იგი ისმენდა ლექციებს ვენის  უნივერსიტეტში. 1909 წელს შალვა ამირეჯიბი ევროპიდან სამშობლოში დაბრუნდა და გამოსცა ალმანახი „ჩვენი ერი“. მალე იგი დააპატიმრეს და სხვა რევოლუციონერებთან ერთად მეტეხის ციხეში ჩასვეს. ლიტერატურული მოღვაწეობა შალვა ამრეჯიბმა 1910–იან წლებში დაიწყო; იყო აქტიური თანამშრომელი ეროვნულ–დემოკრატიული მიმართულების ჟურნალ „კლდისა“, რომელშიც „ფარსმან–ფარუხის“ ფსევდონიმით იბეჭდებოდა. 1915 წლიდან შალვა ამირეჯიბი გახდა მუდმივი ავტორი გაზეთ „სამშობლოსი“ და ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის მთავარი ორგანოს გაზეთ „საქართველოსი“. 10–იან წლებში იგი აქვეყნებდა წერილებს ჟურნალებში: „კლდე“ („დიმიტრი ყიფიანის პოლიტიკური კრედო“ („ა. ი“–ს ფსევდონიმით); „შოთა რუსთაველი“); „საქართველო“ („სამშობლო“ (ვაჟა–ფშაველას გარდაცვალების გამო); „ვალერიან გუნია“;  „კიტა აბაშიძე“ და მრავალი სხვ).  1916 წელს გაიწვიეს პირველ მსოფლიო ომში, სადაც უბრალო ჯარისკაცად წავიდა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და გახდა ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ერთ–ერთი თვალსაჩინო ფიგურა. 1920 წელს გამოვიდა შალვა ამირეჯიბის ლექსების კრებული „მინანქრები“, 1922 წელს – პატარა წიგნაკი „ვასილ აბაშიძე“.  1922–24 წლებში შალვა ამირეჯიბი წერს მიძღვნებს და ეპიგრამებს სანდრო ყანჩელის, შალვა დადიანის, პეტრე ქავთარაძის, გრიგოლ რობაქიძის, იოსებ გრიშაშვილის, გიორგი ლეონიძის და სხვა მოღვაწეებისადმი.  ქაქუცა ჩოლოყაშვილის უახლოესი თანამებრძოლი, 1924 წლის ცნობილი ამბოხების წარუმატებლობის შემდეგ იგი უცხოეთში გაიხიზნა. ცხოვრობდა გერმანიასა და საფრანგეთში. ემიგრაციაში მოხვედრის შემდეგ მისი ლექსები,  პროზაული ნაწარმოებები და პუბლიცისტური წერილები ქვეყნდებოდა ჟურნალ–გაზეთებში „სამშობლო“, „დამოუკიდებელი საქართველო“, „ბედი ქართლისა“ და „კავკასიონი“. შალვა ამირეჯიბი გარდაიცვალა 1943 წელს პარიზში.