ქართული ემიგრანტული მწერლობა

 
Web Institute


მეცნიერება

 

 

 

 

 

 

 

 

 

ზურაბ ავალიშვილი

 

ზურაბ ავალიშვილი დაიბადა 1874 წელს. დაამთავრა  თბილისის პირველი ვაჟთა გიმნაზია. 1895–1900 წლებში სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1900–1903 წლებში პარიზში მივლინებით ყოფნისას მონაწილეობა მიიღო არჩილ ჯორჯაძისა და გიორგი დეკანოზიშვილის მიერ  დაარსებულ გაზეთ ,,საქართველოს“ ნომრების მომზადებაში. 1903 წელს ზ. ავალიშვილი პეტერბუგში ბრუნდება და როგორც პრივატ-დოცენტი იწყებს ლექციების კითხვას სისხლის სამართალში. 1904 წელს იცავს სადოქტორო დისერტაციას; 1906 წელს პეტერბურგში გამოქვეყნდა ზ. ავალიშვილის სადოქტორო დისერტაციის თეზისები: ”Тезисы к диссертасии З. Авалова “Децентрализация и самоуправление во Франции”. იგი მიიწვიეს პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ადმინისტრაციული სამართლის კათედრის გამგედ. 1906 წელს პეტერბურგში მეორედ გამოიცა ზ. ავალიშვილის შრომა ,,Присоединение Грузии к Росии“;  ჟურნალებში: ,,Право“, ,,Журнал министерства юстиции“ კი გამოქვეყნდა სტატიები : ”საოლქო სეიმები(ფეოდალიზმი)“; ,,ეროვნული მოძრაობის ფორმები ევროპასა და რუსეთში»; ,,კავკასიის პოლიტიკურ პრობლემათა შესახებ“ და ა.შ.  1918 წელს ზ. ავალიშვილი პეტერბურგიდან სამშობლოში ბრუნდება. იმავე წლის გაზაფხულზე ნიკო ნიკოლაძესთან ერთად დიპლომატიური მისიით იმყოფება გერმანიაში; აგვისტო–სექტემბერში სამ კვირას დაჰყოფს ნორვეგიაში, 1919 წლის დასაწყისში კი პარიზში მიემგზავრება. 1921 წლიდან ზურაბ ავალიშვილი ემიგრაციაშია და მეცნიერულ მუშაობას ეწევა საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და ამერიკის არქივებსა და სიძველეთსაცავებში საქართველოს ისტორიის ახალი წყაროების, უცხოეთში მოხვედრილი ქართული კულტურის ნაშთების გამოსავლენად. კვლევის შედეგებს – სტატიებს პოლიტიკის, ისტორიის, ქართული ლიტერატურის, რუსთველოლოგიის საკითხებზე – იგი 1921–44 წლებში სისტემატიურად აქვეყნებდა უცხოეთის სამეცნიერო ჟურნალებსა თუ გაზეთებში. ზურაბ ავალიშვილი გარდაიცვალა 1944 წელს.