ქართული ემიგრანტული მწერლობა

 
Web Institute

მწერლობა

 

 

 

 

 

 

 

სიმონ (სიმონიკო) ბერეჟიანი (თაყაიშვილი)

სიმონ ბერეჟიანი – პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და მხატვარ–კარიკატურისტი – დაიბადა 1897 წელს ქუთაისში. პირველდაწყებითი და საშუალო განათლება საქართველოში მიიღო. დაამთავრა ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია (1917). 1918–20 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის ოფიცერი და  მონაწილეობა მიიღო ყველა ბრძოლაში, რომლებიც ამ წლებში საქართველოს ახლადშექმნილი სახელმწიფოს დასაცავად გამართულა. 1920 წელს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ იგი უმაღლესი განათლების მისაღებად ევროპაში გაგზავნა. სამი წლის მანძილზე ბერეჟიანი სწავლობდა ჰუმბოლტის სახელობის უნივერსიტეტში. 1921 წლის ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამ სიმონ ბერეჟიანს უკან დასაბრუნებელი გზა დაუკეტა.  პირველი სამი წელი მან გერმანიაში დაჰყო. ამ პერიოდში დაწერა ლექსი „სამშობლო უცხოეთში“ (1923 წ. ბერლინი). 1923 წლიდან იგი საფრანგეთში გადასახლდა, სადაც ჩაება ქართული ემიგრაციის საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1924 წლის 24 ოქტომბერს პარიზში გენერალ კერესელიძის მეთაურობით შეიქმნა ქართველი  ახალგაზრდობის პატრიოტული ორგანიზაცია „თეთრი გიორგი“. სიმონ ბერეჟიანი ამ ორგანიზაცის ერთ-ერთი დამაარსებელი და აქტიური წევრი იყო. 1926 წელს მისივე უშუალო მონაწილეობით დაარსდა აღნიშნული ორგანიზაციის გაზეთი „თეთრი გიორგი“, რომლის პირველი ნომერი 1926 წლის 25 წელს გამოვიდა. გაზეთის გამოცემა შეწყდა 1939 წლის ივლისში (იმ პერიოდისთვის გამოსული იყო 106 ნომერი). სიმონიკო ბერეჟიანის შემოქმედების უმთავრესი ნაწილი სწორედ ამ გაზეთის ფურცლებზეა დაბეჭდილი. ის გაზეთ „თეთრ გიორგისა“ და ჟურნალ „ქართლოსში“ კარიკატურებსაც აქვეყნებდა, რომლებიც პოლიტიკური სატირის ნიმუშებად მიიჩნევა („როს ოკრიბელი არსენა“, „თეთრი გიორგი“, # 92-94, 1936),  კ.გვარჯალაძეს („თეთრი გიორგი“ # 99, 1936), ნოე ჟორდანიას („ქართული ტანისამოსის განვითარება“, „თეთრი გიორგი“, # 88-89, 1935), („ვინ როგორ მიდის სოციალიზმისკენ“, ჟ. „ქართლოსი“, # 2-3, 1937), კარიკატურები ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრებზე (გ. „თეთრი გიორგი“ # 23, 1929; # 27, 1930; # 60, 1933; ჟ. „ქართლოსი“, # 13-15, 1938), კარიკატურა სტალინზე (ჟ. „ქართლოსი“, # 4-5, 1937).
სიმონ ბერეჟიანი იზიარებდა 1937 წელს დაარსებული „ქართული ფაშისტური დარაზმულობის“ იდეებს და მონაწილეობდა ჟურნალ „ქართლოსის“ გამოცემაში, იყო ავტორი და მხატვარ-გამფორმებელი. აღსანიშნავია კარიკატურები, რომლებშიც გაშარჟებულია როგორც საბჭოთა პოლიტიკური ელიტა, ასევე ემიგრაციაში მყოფი პოლიტიკური სპექტრი, განსაკუთრებით, სოციალ-დემოკრატები.
1939 წლის რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტმა პროგერმანულად განწყობილ ემიგრაციას გული აუცრუა გერმანიაზე – როგორც საბჭოთა კავშირისა და კომუნიზმის დამმარცხებელ ძალაზე. დარაზმულობა დაიშალა, მაგრამ 1941 წლის 22 ივნისს საბჭოთა კავშირთან ომის დაწყებისთანავე, რიგითმა ქართველმა ემიგრანტებმა სამშობლოს გასათავისუფლებლად იარაღს მოკიდეს ხელი. მათ შორის იყო სიმონ ბერეჟიანიც.
1941 წელს სიმონ ბერეჟიანი ჩავიდა გერმანიაში და სიმონ ბერგერის სახელით ჩაირიცხა ვერმახტის ქართულ ლეგიონში, რომელსაც მეთაურობდა ქართველი გენერალი შალვა მაღლაკელიძე. იმავდროულად, ბერეჟიანი აქტიურად მონაწილეობდა გერმანიაში მოქმედი სამოკავშირეო შტაბის მუშაობაში.
რუმინეთში მას სულიერი დაავადების ნიშნები დაეტყო. 1942 წლის სექტემბერში ისე ცუდად გახდა, რომ აუცილებელი შეიქნა მისი საავადმყოფოში მოთავსება. სიმონის კვალი სწორედ ამ სამხედრო ლაზარეთში დაიკარგა. მისი საფლავის მოძებნა შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგანაც სამხედრო წიგნაკში სიმონ ბერგერად იყო გატარებული.