ქართული ემიგრანტული მწერლობა

 
Web Institute

 

მეცნიერება

 

 

 

 

 

 

კიტა ჩხენკელი

 

პეტრე (კიტა) ივანეს ძე ჩხენკელი დაიბადა 1895 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისში. 1912 წელს კიტა ჩხენკელმა წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. 1913–17 წლებში სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში, სადაც ეუფლებოდა სამართალსა და მსოფლიო ლიტერატურას. 1918 წელს საქართველოში დაბრუნდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქვეყნის საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ცხოვრებაში; 1920 წელს კიტა ჩხენკელი უმაღლესი განათლების დასასრულებლად სახელმწიფო ხარჯზე გერმანიაში გაგზავნეს. ჰალესა და ჰამბურგის უნივერსიტეტებში იგი სწავლობდა ფილოსოფიას, პოლიტიკურ ეკონომიას, სოფლის მეურნეობას. 1936 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი პოლიტიკურ ეკონომიკაში (სადირსერტაციო თემა: ,,მიწათმოქმედების მთავარი თავისებურებანი საქართველოში“) და შეუდგა მოღვაწეობას ჰამბურგის უნივერსიტეტში. მეცნიერმა გადაწყვიტა მისაწვდომი გაეხადა ევროპელთათვის ქართული ენა და ამით გაეხსნა გზა მრავალსაუკუნოვან ქართულ მწერლობასთან მისასვლელად. ამ მიზნით 1938 წლიდან კიტა ჩხენკელი შეუდგა მასალების შეგროვებას ქართულ–გერმანული ლექსიკონისა და ქართული ენის სახელმძღვანელოსათვის, მაგრამ, სამწუხაროდ, 1943 წელს ჰამბურგის დაბომბვის დროს ეს მასალები ბიბლიოთეკასთან ერთად განადგურდა. ამის შემდეგ კიტა ჩხენკელი შვეიცარიაში, ციურიხში, დასახლდა და განაახლა ქართული ენის სახელმძღვანელოსა და ქართულ–გერმანული ლექსიკონის ომის დროს განადგურებული მასალების აღდგენა და ხელახლა შეგროვება–დამუშავება. ციურიხის უნივერსიტეტში მან შექმნა ქართული ენის კათედრა, შვეიცარიის ხელისუფლების ნებართვითა და ნივთიერი ხელშეწყობით დააარსა ქართული გამომცემლობა ,,ამირანი“, შექმნა ქართული სასტამბო შრიფტის მშვენიერი გარნიტური და დაიწყო თავისი ნაშრომების ბეჭდვა. 1958 წელს ციურიხში გამომცემლობა ,,ამირანში“ დაიბეჭდა კიტა ჩხენკელის ორტომიანი შრომა გერმანულად: ,,ქართული ენის შესავალი“ სავარჯიშოებითა და ტექსტებით. პირველი ტომი შეიცავს თეორიულ ნაწილს, ხოლო მეორე წარმოადგენს პრაქტიკულ ნაწილს სავარჯიშოებითა და ქრესტომათიით. წიგნმა დიდი გამოხმაურება და სპეციალისტთა მაღალი შეფასება დაიმსახურა როგორც საზღვარგარეთის სამეცნიერო წრეებში, ისე ჩვენშიაც. 1961 წელს კიტა ჩხენკელს ციურიხის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტმა დოქტორ ჰონორის კაუზა–ს ღირსება მიანიჭა. 1960 წელს დაიწყო კიტა ჩხენკელის მეორე დიდი შრომის – ქართულ–გერმანული ლექსიკონის – ნაკვეთებად ბეჭდვა, რომლის პირველი ექვსი წიგნი ავტორის სიცოცხლეში გამოქვეყნდა, დანარჩენი ოცი წიგნის დასტამბვა კი პროფესორ იოლანდა მარშევის რედაქტორობით 1974 წელს დასრულდა. კიტა ჩხენკელმა თავის მოწაფესთან დოქტორ რუთ ნოიკომთან ერთად გერმანულ ენაზე თარგმნა და 1957 წელს ციურიხში გამოსცა ,,ვისრამიანის“ ქართული ვერსია (დაურთო ბოლოსიტყვაობაც). კიტა ჩხენკელი გარდაიცვალა ციურიხში 1963 წლის 22 ოქტომბერს.