ქართული ემიგრანტული მწერლობა

 
Web Institute

მეცნიერება

გრიგოლ ფერაძე

გრიგოლ ფერაძე – ბერლინის უნივერსიტეტის თეოლოგიის კანდიდატი, ბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი და ფილოლოგიის პრივატ–დოცენტი, წმ. ნინოს პარიზის ქართული ეკლესიის დამაარსებელი და პირველი მოძღვარი, ვარშავის უნივერსიტეტის პატროლოგიის პროფესორი - დაიბადა 1899 წლის 13 სექტემბერს სოფელ ბაკურციხეში (სიღნაღის მაზრა). სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1918 წელს დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია. 1918 წელს წავიდა მასწავლებლად სოფ. ზემო–ხანდაკში (გორის მაზრა). 1919–20 წლებში ჯარში გაიწვიეს და მსახურობდა გორში, ბორჯომსა და ახალციხეში. 1921 წელს მასწავლებლად მუშაობდა სოფელ მანავში. 1921 წლის მარტში გარე კახეთის სამღვდელოებამ გაგზავნა მესამე საეკლესიო კრებაზე გელათში. 1921 წლის ბოლოს არტურ ლაისტის და სხვა კერძო პირების დახმარებით გაემგზავრა გერმანიაში. 1922–25 წლებში ცხოვრობდა ბერლინის უნივერსიტეტში, სადაც თეოლოგიასთან ერთად სწავლობდა აღმოსავლურ ენებს: ძველ ებრაულს, სირიულს, არაბულს, კოპტურს და სომხურს. 1926 წელს ჩააბარა სადოქტორო გამოცდები ფილოსოფიის ფაკულტეტზე და გაემგზავრა ბელგიაში ცნობილ მეცნიერ პეეტერსთან სამუშაოდ. 1926–27 წწ–ში ლუვენის უნივერსიტეტშია. 1927 წელს ბონში ცნობილი ორიენტალისტისა და ქართველოლოგის გუსენის გარდაცვალების შემდეგ მის ადგილზე გრიგოლ ფერაძე მიიწვიეს. იმავე წელს გერმანელ და შვეიცარიელ დელეგატთა რჩევით გრ. ფერაძეს იწვევენ ლოზანაში საეკლესიო კონფერენციაზე, როგორც საქართველოს ეკლესიის კოპტურ წარმომადგენელს. გრიგოლ ფერაძეს სხვადასხვა ენაზე გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები და გამოკვლევები, მათ შორის: ,,ქართული ბერობის შესახებ“ (გერმანულ ენაზე); ,,ბერობის დასაწყისი საქართველოში“ (გერმანულ ენაზე); ,,ქართველ ბერთა ლიტერატურული მოღვაწეობა ათონის მთაზე“ (ფრანგულად); ,,შობის დღესასწაული იერუსალიმში მეშვიდე საუკუნეში“; ,,ძველი ქართული ლიტერატურა და მისი პრობლემები“ (გერმანულად); ,,წინაბიზანტიური ლიტერატურის შესახებ საქართველოში“ (გერმანულად); ,,პრობლემანი ქართული სახარების თარგმანისა“; ,,ძველი ქართული ლიტერატურის შესახებ საქართველოში“ (გერმანულად); ,,ესკიზები ქართული კულტურულ ცხოვრებიდგან“. ხელნაწერთა ეროვნული ფონდის კორნელი კეკელიძის პირად საარქივო ფონდში დაცულია შემდეგი მასალები: 1. ,,საკითხავი ეპისტოლე წმინდა დიონისიოსისი ბრძენთ მთავრისა და ათენელთა ეპისკოპოსისა“, გამოცემული ვარშავაში 1937 წელს გრ. ფერაძის მიერ; 2. გრ. ფერაძის რეცენზია კ. კეკელიძის ნაშრომზე: ,,ქართველთა მოქცევის მთავარი ისტორიულ–ქრონოლოგიური საკითხები“; 3. გრ. ფერაძის 14 წერილი, გამოგზავნილი კორნელი კეკელიძისადმი 1921–32 წლებში ევროპიდან; ამას გარდა, საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო არქივის ფონდებში აღმოჩნდა გრ. ფერაძის ხელით დაწერილი ადრინდელი ავტობიოგრაფია (1923 წელი) და ი. ჯავახიშვილისადმი 1923 წელს ბერლინიდან გამოგზავნილი თხოვნა. ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს გრიგოლ ფერაძის სამწერლო მოღვაწეობაც. მისი ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალ ,,ჯვარი ვაზისაში“, რომლის მთავარი რედაქტორიც თავად იყო 1931–34 წლებში (ჟურნალის სულ ოთხი ნომერი გამოვიდა). 1931 წლის 24 მაისს გრიგოლ ფერაძე ეკურთხა მღვდლად (1934 წლის 16 აპრილს ხელმოწერილ ნათლობის აქტში იგი უკვე არქიმანდრიტის ტიტულით გვხვდება). მისი მღვდელმსახურება გრძელდებოდა 1939 წლის პირველ იანვრამდე. მის მოღვაწეობას სასულიერო სარბიელზე ძალზე ართულებდა ის ფაქტი, რომ დიდ დროს მეცნიერი ვარშავაში ატარებდა, რასაც ემატებოდა ხშირი მიმოსვლა პარიზს, გერმანიას, ინგლისს და ათონის მთას შორის. უნივერსიტეტში სწავლება, წიგნების ბეჭდვა, სამეცნიერო მოგზაურობანი მას თავისუფალ დროს აღარ უტოვებდნენ. გრ. ფერაძე გერმანელებმა დააპატიმრეს ვარშავაში 1942 წლი 3 ან 4 მაისს, რადგანაც მისი ბინა, გერმანელების მითითებით, ვარშავის მართლმადიდებელი უნივერსიტეტის დეკანოზს ჟან კოვალევსკის 5 მაისს დაულუქავს.          დაპატიმრების დღიდან ოქტომბრის პირველ რიცხვებამდე ის იმყოფებოდა ვარშავის პავიაკის საპატიმროში და ციხის ადმინისტრაცია მას თარჯიმნად იყენებდა. 28 მაისს ჟან კოვალევსკიმ დიაკონ ჟერზი ბერკმან–კარენინის თანდასწრებით ლუქი ახსნა ფერაძის ბინას, სადაც ჩხრეკა აწარმოეს გერმანელმა პოლიციელებმა და ბიბლიოთეკაში წიგნების უკან აღმოაჩინეს ამერიკული დოლარები და ინგლისური გირვანქა სტერლინგები, რაც ვითომ შეადგენდა ებრაელების დასახმარებელ ფონდს. 1942 წლის 26 ივნისს დიაკონმა ჟერზი კარენინმა გრიგოლ ფერაძისაგან წერილი მიიღო, რომელშიც მისი ბოლო სურვილი იყო გაცხადებული. ის ბიბლიოთეკას სიკვდილის შემდეგ უტოვებდა მეტროპოლიას, ითხოვდა პირადი ნივთების გაყიდვას ობოლთა თავშესაფრის დასახმარებლად, ასევე, ქართული საბუთების, წიგნებისა და ხატების ომის შემდეგ საქართველოს ეკლესიისათვის გაგზავნას. 1942 წლის ოქტომბრის დასაწყისიდან გრიგოლ ფერაძის შესახებ აღარავითარი ცნობა აღარ არსებობს. ვარშავის მიტროპოლიტის სახელზე მიღებული ოფიციალური მოწმობის მიხედვით, რომელსაც ხელს აწერს ბანაკის უფროსი, იგი გარდაიცვალა აუშვიცის ბანაკში 1942 წლის 6 დეკემბერს 16 საათზე და 45 წუთზე. 1945 წელს აუშვიცის ბანაკს გადარჩენილი ერთი ყოფილი პატიმარი მივიდა ვარშავის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტთან და მოუთხრო, რომ მამა გრიგოლ ფერაძე გაზის კამერაში წავიდა ერთი მისი თანაპატიმრის მაგივრად...