ქართული ემიგრანტული მწერლობა

 
Web Institute

 

მწერლობა

 

გიორგი გამყრელიძე

გიორგი გამყრელიძე დაიბადა 1903 წლის 4 ნოემბერს ჭიათურის რაიონის სოფელ ზოდში. სწავლობდა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. აქ დააარსა  ჟურნალი „ბაღდადის წეროები“.  1922 წელს გრიგოლ ზოდელის ფსევდონომით გამოსცა ლექსების კრებული ,,დალურსმული ხელები“.  1923 წელს სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა  გერმანიაში ქ. კიოტენში და შევიდა სამთო საიჟინრო ფაკულტეტზე. 1937 წელს გიორგი გამყრელიძე სამუშაოდ გაემგზავრა ჩეხოსლოვაკიაში, 1941 წელს კი საცხოვრებლად გადავიდა  ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქ. დალასში. 1957 წლიდან იგი უკვე ვაშინგტონშია; იქ დაიცვა ხარისხი ხელოვნებათმცოდნეობაში და მუშაობა დაიწყო ვაშინგტონის ბიბლიოთეკის აღმოსავლური  ლიტერატურის განყოფილებაში. 1972 წელს გიორგი გამყრელიძე მეუღლითურთ კვლავ დაბრუნდა გერმანიაში, მიუნხენში. 1920 წელს თბილისში გამოიცა მისი პირველი წიგნი ,,შემოდგომის ჭიანურები“, უკანასკნელი კრებული – ,,ლექსები, მოთხრობები, თარგმანები, უცხო პოეზიისა და ორნითოლოგიური ნარკვევები“ კი დაიბეჭდა ვაშინგტონში 1963 წელს. მასში ავტორის ორიგინალურ შემოქმედებასთან ერთად (ლექსები, მოთხრობები) შევიდა თარგმანებიც ინგლისური, ფრანგული, გერმანული ენებიდან (ჯოისე კილმერის ,,ხეები“, ედგარ ალან პოს ,,ყორანი“, რობერტ ფროსტის „შეჩერება ტყეში თოვლიან საღამოთი“, პოლ ვერლენის „დაისი“, არტურ რემბოს „ძველი კარადა“, შარლ ბოდლერის „შემოდგომის  სიმღერა“, ჰაინრიჰ ჰაინეს ,,ლორელაი“, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ,,ველის ვარდი“, ფრიდრიხ შილერის ,,ხელთათმანი“ და  სხვ).  გიორგი გამყრელიძე ავტორია ლექსების რამდენიმე კრებულისა: „ლურჯი მონოკლი“ (პარიზი, 1932), ,,გვიანი რთველი“ (სანტიაგო დე ჩილე,  1960).  1966 წელს ჟურნალ „კავკასიონის“ მე–11 ნომერში დაიბეჭდა გიორგი გამყრელიძის წერილი „თარგმანის პრობლემები და სიძნელეები იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ,,ფაუსტში“ და შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანში“.  გიორგი გამყრელიძე გარდაიცვალა 1975 წლის 19 მაისს მიუნხენში.