ქართული ემიგრანტული მწერლობა

 
Web Institute

მეცნიერება

 

 

 

 

 

 

 

 

ისიდორე მანწკავა

ისიდორე მანწკავა დაიბადა 1900 წლის 12 მაისს ლანჩხუთის რაიონის (მაშინდელი ოზირგეთის მაზრა) სოფელ ნიგვზიანში. 1917 წელს დაამთავრა ქუთაისის პირველი უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელი, შემდეგ შევიდა ფოთოს გიმნაზიაში. აქ სწავლის დროს, 1920–21 წლებში, იგი თანამშრომლობდა ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის ორკვირეულ სამეცნიერო, საპოლიტიკო და სალიტერატურო ჟურნალ „რიჟრჟში“. სწორედ აქ გამოქვეყნდა მისი  პირველი ლექსები და ლიტერატურული წერილები: „დაჩაგრულთა მგოსანი (ნოე ჩხიკვაძე), „ქართულ პოეზიაზე“ (ვ. გაფრინდაშვილი, გ. რობაქიძე, კ. ნადირაძე, ს. ცირეკიძე).  ისიდორე მანწკავამ  სწავლა განაგრძო თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, თან განაგრძობდა აქტიურ ლიტერატურულ საქმიანობას. მისი წერილები – „ექსპრესიონიზმი“, „იასამნის პოეზია“ და სხვ. იბეჭდებოდა იმდროინდელ ქართულ პრესაში, ზოგჯერ „სვიანელის“ ფსევდონიმითაც. 1920–იან წლებში ისიდორე მანწკავა საფრანგეთის ემიგრაციაში მოხვდა და ვიქტორ ნოზაძესთან და ედუარდ პაპავასთან ერთად დიდი ძალისხმევის ფასად დააარსა ჟურნალი „კავკასიონი“, რომლის რვა ნომერიც გამოვიდა. სწორედ „კავკასიონის“ ფურცლებზე დაიბეჭდა  ისიდორე მანწკავას უცხოეთში დაწერილი პირველი წერილები, რომლებშიც გამოჩნდა  მკვლევრის უტყუარი ალღო  და ორიგინალური სტილი. მეორე მსოფლიო ომის მძიმე წლებში ისიდორე მანწკავა ქართულ ენასა და მწერლობას ასწავლიდა პარიზელ ქართველ ახალგაზრდებს. მას ცდა არ დაუკლია, რომ ქართველი ხალხისთვის გადაერჩინა გესტაპოში წამებით დაღუპული ქართველი მეცნიერის, პროფესორ გრიგოლ ფერაძის უმდიდრესი ბიბლიოთეკა და არქივი; პრაღაშიც კი გაემგზავრა და ფეხით შემოიარა ყველა ბიბლიოთეკა, სადაც, სავარაუდოდ, ეს არქივი ინახებოდა, მაგრამ ამაოდ. ისიდორე მანწკავა სრულიად ახალგაზრდა, 44 წლის ასაკში მოულოდნელად მძიმედ დაავადდა და ლოგინად ჩავარდა. ოპერაციის შემდგომ მას დიდხანს არ უცოცხლია. იგი გარდაიცვალა 1944 წელს ზალცბურგთან ახლოს, ბად იშლის საავადმყოფოში.