ქართული ემიგრანტული მწერლობა

 
Web Institute

მეცნიერება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მიქელ თარხნიშვილი

მიქელ თარხნიშვილი დაიბადა 1897 წლის 12 ივნისს ახალციხეში. 1911–13 წლებში სწავლობდა სოფელ სკრაში, სამრევლო სკოლაში. 1913–17 წლებში სწავლობდა კონსტანტინოპოლში, ქართულ მონასტერთან არსებულ სკოლაში. 1917 წლის 12 თებერვლიდან 1919 წლის გაზაფხულამდე სწავლა გააგრძელა ბენედიქტელთა სააბატოში, ქ. ეტალში (გერმანია). 1919 წლის სექტემბრისათვის, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მიქელ თარხნიშvილი გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნდა და 1919 წლის დეკემბრამდე თბილისში სწავლობდა. ამავე წლის დეკემბერში კვლავ კონსტანტინოპოლში გაემგზავრა და მას შემდეგ საქართველო აღარ უნახავს. 1919 წლის დეკემბრიდან 1923 წლამდე სწავლობდა კონსტანტინოპოლის კაპუცინების კოლეჯში, ხოლო 1923 წლის სექტემბრიდან 1924 წლის ივლისამდე – კონსტანტინოპოლის ქართულ მონასტერში. 1924 წლის ოქტომბერში ფილოსოფიასა და თეოლოგიაში ცოდნის გასაღრმავებლად ვენაში ჩავიდა. ავსტრიაში მან 1928 წლის გაზაფხულამდე დაჰყო. მოგვიანებით მიქელ თარხნიშვილი რომში გაემგზავრა, სადაც თავდაპირველად ბერძნული კოლეჯის თავისუფალ მსმენელად ირიცხებოდა, 1930–33 წლებში კი რომის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ეუფლებოდა ცოდნას. 1933 წლის 7 დეკემბერს სადისერტაციო ნაშრომისათვის – ,,თეატინელთა სამოციქულო ღვაწლი საქართველოში მეჩვიდმეტე საუკუნეში“ – მიენიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1931 წელს იგი მღვდლად ეკურთხა და 1935–43 წლებში სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა საფრანგეთში, ბელგიასა და გერმანიაში, როგორც აქაურ ქართველთა სულიერი მოძღვარი. 1951 წლიდან მიქელ თარხნიშვილი ნაყოფიერად მოღვაწეობდა სამეცნიერო ასპარეზზე, რაც 1958 წლამდე გაგრძელდა. მისი მეცნიერული კვლევის ძირითადი მიმართულება იყო ქართველოლოგია, ქრისტიანული აღმოსავლეთი და ბიზანტინისტიკა. მ. თარხნიშვილს ეკუთვნის მრავალი ნარკვევი ქართველოლოგიის ცალკეულ საკითხებზე და სოლიდური გამოცემანი, მათ შორის: „გრიგოლ ბაკურიანისძის ტიპიკონი“ (1954 წ); „ჟამის წირვა იაკობისა“ (1950წ). მანვე გაშიფრა ვირჯილიო კორბოს მიერ პალესტინაში, ბეთლემის მახლობლად გათხრილ წმ. თეოდორეს სახელობის ქართულ მონასტერში აღმოჩენილი ოთხი ქართული წარწერა. მ. თარხნიშვილის ეს გამოკვლევა შევიდა 1955 წელს იერუსალიმში იტალიურ ენაზე გამოცემულ ვ. კორბოს წიგნის –,,სიიარ ელ–ღანამის (მწყემსთა მინდვრის)გათხრები და შემოგარენის მონასტრები“ – VIII თავის III ქვეთავად. მიქ. თარხნიშვილმა აღადგინა იერუსალიმური ლექციონარის ტექსტი და მისი ლათინური თარგმანი, თუმცა მისი გამოქვეყნება ვეღარ მოასწრო (წიგნი გამოსცა ჟ. გარიტმა 1959 წელს ორ ტომად). აღნიშვნის ღირსია არქეოლოგიური ხასიათის შრომა ,,ქართული ხელნაწერები და ძველი წიგნები რომის წიგნსაცავებში“, რომელიც გაგრძელებებით დაიბეჭდა პარიზში, ჟურნალ ,,ბედი ქართლისაში“. მიქელ თარხნიშვილი გარდაიცვალა 1958 წლის 15 ოქტომბერს უკურნებელი სენით.