ქართული ემიგრანტული მწერლობა

 
Web Institute

 

მეცნიერება

 

 

 

 

 

მიხაკო წერეთელი

 

მიხეილ (მიხაკო) წერეთელი დაიბადა 1878 წლის 23 დეკემბერს ზემოიმერეთის სოფელ ცხრუკვეთში. 1890–იან წლებში სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, რომელიც დაასრულა 1899 წელს და სწავლა განაგრძო კიევის უნივერსიტეტში. აქ მან მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა დემონსტრაციაში და დატუსაღებისთვის რომ თავი დაეღწია, საზღვარგარეთ გაემგზავრა და შევიდა პარიზის უნივერსიტეტში. 1901 წელს მან მონაწილეობა მიიღო პარიზის ანარქისტულ დემონსტრაციაში, რისთვისაც დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. საბოლოოდ იგი საფრანგეთიდან გაასახლეს და იძულებული გახდა, ინგლისში გადასულიყო. 1903 წელს პარიზში გიორგი დეკანოზიშვილს და არჩილ ჯორჯაძეს, ვარლამ ჩერქეზიშვილსა და თედო სახოკიასთან ერთად დააარსაჟურნალი ,,საქართველო“ (,,ლა ჟეორჟი“) ფრანგულ ენაზე.1905 წელს მიხაკო წერეთელი საქართველოში გამოემგზავრა დარევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. 1906 წელს ყოველკვირეულ გაზეთ ,,ნობათში“ Bâton-ის ფსევდონიმით აქვეყნებს ნაშრომებს: ,,რევოლუცია და რეაქცია“; ,,კანონი“;,,როგორ უნდა მოვრიგდეთ?“; ,,ვიტტეს ხულიგნური ცინიზმი“;,,სახელმწიფო ძალის ხელში ჩაგდება და სოციალური რევოლიუცია“; ,,დუმა, ,,პარტიები“ და კარზედ მომდგარი რევოლიუცია“, რომელთაგანზოგიერთი ცალკე წიგნაკების სახითაც გამოიცა. 1906 წელს სანგალას ფსევდონიმით თბილისში გამოსცა წიგნი ,,მუშათა მოძრაობა საფრანგეთში 1789 წლამდე (დიდ რევოლუციამდე)“, რომელსაც წინ უძღოდა სანგალას ფსევდონიმითვე 1904 წელს ,,მოამბეში“ გამოქვეყნებული წერილი ,,საზოგადოებრიობა და არსებობისათვის ბრძოლა“. 1907 წელს მიხაკო წერეთელი, ვარლამ ჩერქეზიშვილი და გიორგი გვაზავა ადგენენ პეტიციას ქართველი ერის სახელით ჰააგაში წარსადგენად. თუმცა მიხაკო წერეთელი მალე გამოეთხოვა ანარქისტულ იდეებს და წმიდა ეროვნულ ნიადაგზე დადგა, რასაც მოწმობს 1910 წელს თბილისში გამოსული მისი წიგნი ,,ერი და კაცობრიობა“. 1907 წელს 2 სექტემბერს გაზეთ ,,ისარში“ გამოქვეყნდა Bâton-ის (მიხაკო წერეთლის) წერილი ,,კაცია ადამიანი?!“, რომელშიც ავტორი მთელი მგზნებარებითა და რისხვით თავს დაესხა ილია ჭავჭავაძის მკვლელებს. 1907 წელს კრებულში ,,ილია ჭავჭავაძის სიკვდილი და დასაფლავება“ პირველად დაიბეჭდა მიხაკო წერეთლის მიერ ილია ჭავჭავაძის დასაფლავებაზე წარმოთქმული სიტყვა, რომლის აღდგენილი და შესწორებული ვარიანტი მოგვიანებით,1952 წელს, ჟურნალ ,,ბედი ქართლისას“ ფურცლებზეც გამოჩნდა. 1909 წელს იაკობ გოგებაშვილის დახმარებით მიხაკო წერეთელმა მიხეილ ჯავახიშვილთან და ნიკო ლორთქიფანიძესთან ერთად გამოსცა გაზეთი ,,ერი“. 1910 წელს პოლიტიკურ მოღვაწეობასთან ერთად მიხაკო წერეთელმა მეცნიერულ მუშაობასაც მოჰკიდა ხელი, რისთვისაც იგი ისევ გაემგზავრა ევროპაში. როგორც ირკვევა, მიხაკო წერეთლისთვის მეცნიერული მუშაობის ბიძგის მიმცემი დიდი ქართველი მეცნიერი და მამულიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი ყოფილა. მიხაკო წერეთელი ყოველთვის უთავსებდა ერთმანეთს მეცნიერულ და პოლიტიკურ საქმიანობას. იგი ევროპაში ესწრებოდა მცირე და დაჩაგრულ ერთა ყრილობებს, რამდენიმე წლის განმავლობაში იმყოფებოდა დიპლომატიურ სამსახურში ბერლინსა და სკანდინავიის ქვეყნებში. 1920 წელს მიხაკო წერეთელი ივანე ჯავახიშვილის მოწვევით იკავებს ასირიოლოგიისა და ძველი აღმოსავლეთის ისტორიის კათედრას ახლად დაარსებულ თბილისის უნივერსიტეტში, მომდევნო წლებში კი ასირიოლოგიისა და ქართული ენის კათედრის გამგეა ჯერ ბრიუსელის, შემდეგ კი ბერლინის უნივერსიტეტებში. მიხაკო წერეთლის მეცნიერული გამოკვლევა ,,შუმერული და ქართული“ 1912 წელს დაიბეჭდა თბილისში, კრებულ ,,გვირგვინში“, ხოლო 1913–16 წლებში ინგლისურ ენაზე ლონდონშიაც გამოქვეყნდა ,,სამეფო სააზიო საზოგადოების ჟურნალში“ (ამ ნაშრომის იტალიური ვარიანტი მიხაკო წერეთელმა დაბეჭდა რომში 1922 წელს, ჟურნალ ,,Oriente Moderno”-ში). 1916 წელს გერმანულად გამოქვეყნდა მიხაკო წერეთლის ორი წიგნი: ,,საქართველო და მსოფლიო ომი“ და ,,რასები და კულტურული პრობლემა კავკასიისა“. 1924 წელს კონსტანტინოპოლში ქართულ ენაზე ზედიზედ გამოიცა მიხაკო წერეთლის მიერ თარგმნილი ,,გილგამეშიანი“ და მონოგრაფია ,,ხეთის ქვეყანა, მისი ხალხები, ენები, ისტორია და კულტურა“. 1928 წელს ჰაიდელბერგის მეცნიერებათა აკადემიამ გამოაქვეყნა მისი შრომა ,,ახალი ქალდეური წარწერები“, ხოლო მსოფლიოში ცნობილ სამეცნიერო ორგანოში ,,რევიუ დ’ ასსირიოლოჟი“1933–35 წლებში დაიბეჭდა მიხაკო წერეთლის ,,ურარტული ეტიუდები“ (მეცნიერს გამოუქვეყნებელი დარჩა სოლიდური ნაშრომი ,,რჩეული ურარტული ტექსტები“, რომელიც მის არქივში ინახება). 1933 წელს ბერლინში გამოვიდა სულხან–საბა ორბელიანის ,,სიბრძნე–სიცრუისას“ მიხაკო წერეთლისეული გერმანული თარგმანი, ხოლო ქართული წარმართობისადმი მიძღვნილი გამოკვლევა მეცნიერმა ამავე წლებში ინგლისურ ენაზე დაბეჭდა ლონდონში დაარსებულ ქართველოლოგიურ ჟურნალში ,,გეორგიკა“ (ტ.I). გამოუქვეყნებელია მიხაკო წერეთლის გერმანულ ენაზე დაწერილი ,,ქართული ენის გრამატიკა“, ასევე ნაშრომები, რომლებიც მიეძღვნა „ქართლის ცხოვრებას“, „ბალავარიანს“, „ბუნებისათვის კაცისას“ პეტრიწისეულ თარგმანს და სხვ.საგანგებოდ უნდა გამოიკვეთოს მიხაკო წერეთლის რუსთველოლოგიური ღვაწლი.1950–იან წლებში პარიზში ჟურნალ ,,ბედი ქართლისას“ ფურცლებზე გაგრძელებებით დაიბეჭდა მიხ. წერეთლის გამოკვლევა ,,ვეფხისტყაოსნის ტექსტისათვის“ (N 11, 12, 13, 14, 15, 16); მკვლევრის გარდაცვალებიდან ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ, 1977 წელს, პარიზში გამოიცა ,,ვეფხისტყაოსნის“ მიხ. წერეთლის მიერ აღდგენილი სრული ტექსტი, ხოლო რაც შეეხება ,,ვეფხისტყაოსნის“ მიხაკო წერეთლისეულ პროზაულ გერმანულ თარგმანს, ისიც მთარგმნელის სიკვდილის შემდეგ, 1975 წელს, გამოიცა პარიზში. მიხაკო წერეთელს დაწერილი აქვს აგრეთვე მომცრო რუსთველოლოგიური ხასიათის ნარკვევებიც. 1942 წელს მიხაკო წერეთელი ბერლინიდან ქ. კვედლინბურგში გადასახლდა. ომის დამთავრების შემდეგ მეცნიერი საუნივერსიტეტო ქალაქ გეტინბერგში გადავიდა, მერე კი მიუნხენში. გარდაიცვალა 1965 წლის 2 მარტს ქ. მიუნხენში 86 წლის ასაკში.