ქართული ემიგრანტული მწერლობა

 
Web Institute

 

მწერლობა

 

 

 

 

 

 

 

 

გიორგი (ჯორჯ) პაპაშვილი

ქართველ–ამერიკელი მწერალი და მოქანდაკე გიორგი (ჯორჯ) პაპაშვილი 1898 წლის 23 აგვისტოს დაიბადა დუშეთის რაიონის სოფელ კობიაანთკარში. უსახსრობის გამო მამამ სკოლაში ვერ შეიყვანა, ამიტომ ტყავზე მუშაობა და ხანჯლების კეთება შეასწავლა. პირველი მსოფლიო ომის დროს გიორგი პაპაშვილი სნაიპერად მსახურობდა რუსეთის არმიაში, 1921 წელს კი, როცა წითელი არმია საქართველოში შემოიჭრა, იგი მენშევიკებთან ერთად კონსტანტინოპოლში აღმოჩნდა. ორი წლის მანძილზე კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა, თხრიდა ჭებს, მუშაობდა ტაქსის მძღოლად და ანატოლიის ველებზე ტახებზე ნადირობდა. შემდეგ მოახერხა ვიზის შოვნა და ამერიკაში ჩასვლა. რამდენიმე ღამე სიმონ სიდამონ–ერისთავის ოჯახთან ერთად ნიუ–იორკში ნაქირავებ ბინაში გაათენა და შემდეგ გეზი კალიფორნიისაკენ აიღო. მუშაობდა ჭურჭლის მრეცხავად, მზარეულად, ლითონჩამომსხმელ საამქროში. ერთხანს ჰოლივუდშიც მოღვაწეობდა... თხუთმეტწლიანი ხეტიალის შემდეგ, გიორგი პაპაშვილმა ცოლად ამერიკელი მწერალი ქალი ჰელენ უაიტი შეირთო. წყვილმა ჰელენის მზითევით პენსილვანიის შტატში პატარა ფერმა იყიდა და გიორგიმ მამა–პაპის ხელობას, ხვნა–თესვას მიჰყო ხელი.
1938 წელს გიორგი პაპაშვილმა და ჰელენ უაიტმა დაწერეს რომანი, უფრო ზუსტად, ავტობიოგრაფიული ნოველების კრებული "ყველაფერი შეიძლება მოხდეს" ("Anything Can Happen"). თხზულება 1945 წელს გამოიცა და ნამდვილ ლიტერატურულ სენსაციად იქცა – მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში  წიგნის 600,000 ცალი გაიყიდა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კი – 1.5 მლნ ეგზემპლარი. ის შეარჩიეს Book of the Month Club–ისთვის, რაც მხატვრული ნაწარმოების უდიდეს წარმატებაზე მეტყველებს. წიგნი დაახლოებით 20 ენაზე ითარგმნა (მათ შორის იაპონურად, ჩინურად და ურდუს ენაზე) და 15–ჯერ გამოიცა (ბოლო გამოცემა 2009 წლის 26 დეკემბერს განხორციელდა). ნაწარმოები დიდი პოპულარობით სარგებლობდა ამერიკელ ჯარისკაცებსა და ოფიცრებში. წიგნი თბილისში 1966 წელს დაიბეჭდა ოდნავ განსხვავებული სახელწოდებით: ,,ქვეყანა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს” (ინგლისურიდან თარგმნა ანდუყაფარ ჭეიშვილმა).  
1952 წელს  რეჟისორმა  ჯორჯ სიტონმა პაპაშვილის წიგნის მიხედვით იმავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, რომელშიც მთავარი როლები შეასრულეს ჰოლივუდის ვარსკვლავებმა – ხოსე ფარერიმ და კიმ ჰანტერმა. ფილმის ტექნიკური დირექტორი იყო ლადო ბაბიშვილი, მუსიკა კი დაწერეს კომპოზიტორმა იუნგიმ და ალექსანდრე ფუტკარაძემ. ფილმში გამოყენებული იყო ქართული სიმღერები, მელოდიები, ცეკვები (ერთ–ერთი ეპიზოდური როლი თავად ავტორმა შეასრულა).  ფილმის პრემიერა ნიუ-იორკის ერთ–ერთ კინოთეატრში 1952 წლის 3 აპრილს შედგა. ერთი წლის შემდეგ, 1953 წლის 26 თებერვალს, ფილმმა ,,ოქროს გლობუსი” დაიმსახურა ნომინაციაში: ,,საუკეთესო ფილმი, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო თანხმობას “.
გარდა ამ ნაწარმოებისა,  ჯორჯ პაპაშვილმა მეუღლესთან თანაავტორობით დაწერა სხვა წიგნებიც: ,,ჰო და არა” (1946), „ძაღლები და ადამიანები“ (1954) „მადლობა ნოეს“ (1956), „შინისაკენ, კვლავ შინისაკენ“ (1973), „რუსული კულინარია“ (1971).
მოწიფულ ასაკში გიორგი პაპაშვილი ქანდაკებით დაინტერესდა. მას აკადემიური სამხატვრო განათლება არ მიუღია, თვითნასწავლი შემოქმედი იყო, მუშაობდა ხეზე და ქვაში. ნამუშევრებს ინიციალებს არასდროს აწერდა, მიაჩნდა რომ "ხელმოწერა თავად ხელოვნების ნიმუშია".
გიორგი პაპაშვილის სახელი შეტანილია ისეთ სოლიდურ გამოცემებში როგორებიცაა "ვინ ვინ არის ამერიკულ ხელოვნებაში" (Who’s Who in American Arts) და "ვინ ვინ არის XX საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში" (Who’s Who in American Literature of the 20th  century). მისი არქივი დაცულია პენსილვანიის შტატის ლიჰაის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.
1961 წელს გიორგი პაპაშვილი მეუღლესთან ერთად ეწვია საქართველოს, მოინახულა მშობლიური სოფელი, ახლობლები, შეხვდა ქართველ მწერლებს.
გიორგი პაპაშვილი 1978 წელს გარდაიცვალა 80 წლის ასაკში.