ქართული ემიგრანტული მწერლობა

 
Web Institute

 

მეცნიერება

 

 

 

 

 

 

 

 

ვიკტორ ნოზაძე

ვიქტორ ნოზაძე დაიბადა 1893 წლის 17 სექტემბერს ზემო იმერეთის სოფელ წირქვალში. პირველდაწყებითი განათლება საჩხერის ორკლასიან სასწავლებელში მიიღო, შემდეგ სწავლა განაგრძო ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებელსა და ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში (1910–13 წწ), რომელიც ოქროს მედალზე დაამთავრა. უმაღლესი განათლების მისაღებად ვიქტორ ნოზაძე რუსეთში გაემგზავრა და მოსკოვის  უნივერსიტეტის ფილოლოგიურ (ზოგი ცნობით, იურიდიულ) ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სწავლასთან ერთად ის ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში და აქტიურ არალეგალურ მუშაობას ეწეოდა.  1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მან საქართველოს მიაშურა. იგი ,,მოსკოველის“ ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს სოციალ–დემოკრატების გაზეთ ,,ერთობაში“. ტფილისიდან მას პარტია ქალაქ ქუთაისში აგზავნის პარტიული პრესის ხელმძღვანელად, ხოლო 1919 წლის ბოლოს სხვა ქართველ ახალგაზრდასთან ერთად დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიემგზავრება  საზღვარგარეთ, კერძოდ, ლონდონში სწავლის გასაგრძელებლად. სულ მალე ვიქტორ ნოზაძე იძულებული გახდა ლონდონიდან გადასულიყო ბერლინში, საიდანაც 1928 წელს, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. საფრანგეთის დედაქალაქში მან დაიწყო რედაქტორული და ჟურნალისტური მოღვაწეობა. სხვებთან ერთად გამოსცა ჟურნალ ,,ორნატის“ რამდენიმე ნომერი, შემდეგ – ლიტერატურულ–სამეცნიერო და პოლიტიკური ჟურნალი ,,კავკასიონი“, რომლის გამომცემელი, რედაქტორი, კორექტორი, ავტორ–თანამშრომელი, ამწყობი და ექსპედიტორი თავადვე იყო სიკვდილამდე. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ვიკტორ ნოზაძის ღვაწლი, როგორც მეცნიერ–რუსთველოლოგისა. ვიქტორ ნოზაძემ „ვეფხისტყაოსნის „ჩხრეკას“ (თავად ასე უწოდებდა თავის სამუშაოს) ბერლინში, ომის უკანასკნელ წლებში მოჰკიდა ხელი, თუმცა ჯერ კიდევ 1937 წელს, „ვეფხისტყაოსნის“ იუბილეს მან პარიზში მიუძღვნა ჟურნალ „ქართლოსის“  საგანგებო მე–11 და მე–12 ნომრები. თითქოს არის იმაში რაღაც სიმბოლური, რომ „ვეფხისტყაოსნის“ გმირებივით მან ვრცელი გეოგრაფიული არეალი შემოიარა – გერმანია, ავსტრია, არგენტინა, ჩილე, ბრაზილია, ესპანეთი და ბოლოს, ისევ საფრანგეთი. საოცრად მძიმე პირობებში, ყოველგვარი ხელშეწყობის გარეშე, მარტოდმარტომ, დიდი ნიჭისა და ურყევი ნებისყოფის წყალობით, ვიკტორ ნოზაძემ შექმნა და სამშობლოს დაუტუვა ექვსი მონუმენტური ტომი, რომელთაც იგი გზადაგზა თვითონვე ხელით აწყობდა და ბეჭდავდა კიდეც: 1. ვეფხისტყაოსნის ფერთა მეტყველება. ბიუენოს აირესი, 1953; 2.  ვეფხისტყაოსნის ვარსკვლავთმეტყველება, სანტიაგო დე ჩილე, 1957; 3. ვეფხისტყაოსნის მზისმეტყველება. სანტიაგო დე ჩილე, 1959; 4. ვეფხისტყაოსნის საზოგადოებათმეტყველება. სანტიაგო დე ჩილე, 1959; 5. ვეფხისტყაოსნის ღმრთისმეტყველება. პარიზი, 1963; 6. ვეფხისტყაოსნის მიჯნურთმეტყველება. პარიზი, 1975. ამ უკანასკნელი, მეექვსე წიგნის გამოცემას ავტორი ვეღარ მოესწრო; იგი მოულოდნელად ავად გახდა და 1975 წლის 24 წელს გარდაიცვალა საფრანგეთში, ქალაქ არპაჟონის საავადმყოფოში. ანდერძის თანახმად, დაკრძალეს დაბა ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.