ქართული ემიგრანტული მწერლობა

 
Web Institute

მწერლობა

 

 

 

 

 

 

 

აკაკი და თამარ პაპავები

აკაკი პაპავა დაიბადა 1890 წელს სამტრედიაში. პირველდაწყებითი განათლება იქვე მიიღო, შემდეგ დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და შევიდა იურიევის, (დერპტის, იგივე ტარტუს) უნივერსიტეტის ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მოგვიანებით გადავიდა მოსკოვის უნივერსიტეტში და წარჩინებით დაასრულა იურიდიული ფაკულტეტი. ომის უკანასკნელ წლებში სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. რევოლუციის დასაწყისში იგი კავკასიის ფრონტზე იმყოფებოდა; აქ იგი აირჩიეს იგი კავკასიის ჯარისკაცთა საბჭოს წევრად. რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე: იყო ქალაქის საბჭოს ხმოსანი,  ქალაქის  გამგეობისა და საქართველოს პარლამენტის წევრი, სოციალისტ–ფედერალისტთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. აკაკი პაპავას პირველი წერილები და ფელეტონები 1910–იან წლებში „სახალხო გაზეთის“ ფურცლებზე გამოქვეყნდა. იგი სხვადასხვა დროს იყო მუდმივი თანამშრომელი არაერთი პერიოდული გამოცემისა („იმერეთი“, „გაზაფხული“, „საფირონი“, „კოლხიდა“, „თემი“, „ერი“, „თეატრი და ცხოვრება“, „პრომეთე“, ქართული მწერლობა“ და სხვ), რომლებშიც აქვეყნებდა წერილებს ქართული ლიტერატურის შესახებ, ასევე, პროზაულ თხზულებებს (მაგ: „ნახშირის ხაზები“ და „სოლეილდორ“  ჟურნალ „პრომეთეში“ დაიბეჭდა). საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ აკაკი პაპავა დანიშნეს მწერალთა კავშირის განყოფილების ხელმძღვანელად, ამავე დროს,  იგი რედაქტორობდა ჟურნალ „ხელოვნებას“. მართალია, 1920–იანი წლების დასაწყისში აკაკი პაპავა საზღვარგარეთ (ბერლინი) გაემგზავრა, მაგრამ იქიდან ერთხანს მაინც თანამშრომლობდა საბჭოთა საქართველოს პერიოდულ გამოცემებთან, ბეჭდავდა კრიტიკული წერილებსა და ბელეტრისტულ ნაწარმოებებს. ასე მაგალითად, გაზეთ „ლომისში“ 1923 წელს გამოქვეყნდა 1923 წელს ბერლინში დაწერილი წერილი „შენგან გვაჩნია გულებს ხაზი“ (ბესიკის პორტრეტისათვის), ხოლო ჟურნალ „ქართულ მწერლობაში“ – ჰამბურგში 1926 წელს დაწერილი  „განახლებული მისია“. იმავე ხანას ეკუთვნის მისი მოთხრობების პირველი ტომი, ასევე  „მეურმე ნესტორა“ და „სპირიდონის გასაჭირი“.  1923 წელს აკაკი პაპავას მეუღლე თამარი ორი გოგონათი თბილისიდან ბერლინში გაემგზავრა. ამის შემდეგ იწყება უცხოეთში აკაკი და თამარ პაპავების ხანგრძლივი ერთობლივი ლიტერატურული და მეცნიერული საქმიანობა. 1937 წელს პარიზში გამოქვეყნდა თამარ გოგოლაშვილი პაპავას სქელტანიანი (300 გვერდიანი) წიგნი „დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში“, რომელიც ექვსი ნარკვევისგან შედგებოდა („მეფე ერეკლეს ქალები“, „ქართველი ქალი და 1832 წლის შეთქმულება“, „ალექსანდრე ბატონიშვილი და მისი ოჯახის ბედი“, „იმერეთის ქალების ეპიზოდები დასავლეთ საქართველოს ბრძოლათა ისტორიიდან“, „სამეგრელოს დედოფალი ნინო“, ბატონიშვილი დარეჯან“) და მიზნად ისახავდა, მკითხველისთვის ეჩვენებინა ქართველი ქალის როლი, ღვაწლი და განცდები იმ გმირულ ბრძოლებში, რომლებსაც აწარმოებდნენ საქართველოს ყოფილი სამეფოები თუ ცალკეული კუთხეები (მოგვიანებით, 1953 წელს, ბუენოს–აირესში გამოვიდა  თამარ პაპავას ახალი წიგნი მეორე ტომისა „დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში“, რომელშიც შევიდა ორი ნარკვევი: „იმერეთის დედოფალი მარიამ“ და „გურია და დედოფალი სოფიო“). მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე პაპავების ოჯახი უმთავრესად ჰამბურგსა და ბერლინში ცხოვრობდა, ხოლო ომის მძიმე წლები ევაკუაციაში გაატარა ხან ბავარიაში, ხან ავსტრიაში. 1949 წლიდან პაპავები სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ, არგენტინაში გადასახლდნენ, სადაც ცოლ–ქმარი სისტემატიურად აქვეყნებდა წერილებს ბუენოს–აირესში გამომავალ ჟურნალ „მამულში“. აკაკი პაპავას კალამი პოეზიაშიც უცდია. უცხოეთში დაწერილი ლექსები მას პატარა კრებულად შეუკრავს სათაურით „1500–წლოვან თბილისს“ და მასში ჩაუქსოვია მშობლიური მიწის მონატრება. 1962 წელს ნიუ–იორკში დაიბეჭდა აკაკი პაპავას უკანასკნელი ლექსების კრებული „მოწამეთობა“, რომელსაც ვიქტორ ნოზაძემ „იერემიას გოდება“ უწოდა. აკაკი პაპავა გარდაიცვალა 1964 წლის 27 ივნისს  არგენტინაში. ანდერძის თანახმად, გადმოასვენეს საფრანგეთში და დაკრძალეს ლევილის ქართულ სასაფლაოზე. თამარ პაპავა გარდაიცვალა 1976 წელს არგენტინაში.