ქართული ემიგრანტული მწერლობა

 
Web Institute


მწერლობა

 

 

 

 

 

გრიგოლ რობაქიძე

 

გრიგოლ რობაქიძე დაიბადა 1880 წლის 1 ნოემბერს სოფელ სვირში. თავდაპირველად სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, 1895–1901 წლებში – ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, 1901 წლის 23 აგვისტოდან კი ირიცხება იურიევის (ტარტუ) საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ ხელმოკლეობის გამო რამდენიმე თვეში დაანება თავი (მოგვიანებით, 1910–13 წლებში იგი აღადგინეს იურიევის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, თუმცა ზოგიერთ პროფესორთან უთანხმოების გამო რობაქიძეს ამ სასწავლებლის დიპლომი არ აუღია. დიპლომის მისაღებად მას ყაზანის უნივერსტეტში მოუწია გამოცდების ჩაბარება). 1902 წელს გრიგოლ რობაქიძე საზღვარგარეთ გაემგზავრა. კიტა აბაშიძისა და გიორგი ზდანევიჩის დახმარებით მას ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა სტიპენდია დაენიშნა. 1906 წლამდე იგი  სწავლობდა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, 1907–1908 წლებში კი ისმენდა ლექციებს გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტში.  მწერალი 1908 წელს დაბრუნდა სამშობლოში და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში ჩაება, ამასთანავე,  ქართველ სიმბოლისტთა ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი და "ცისფერყანწელთა" ორდენის ერთ–ერთი დამაარსებელი გახდა. 1917 წელს მისივე აქტიური მონაწილეობით დაარსდა საქართველოს მწერალთა კავშირი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში (1918–1921) რობაქიძე აქტიურად მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ლიტერატურულ ცხოვრებაში. მაგალითად, 1919 წელს იგი იყო პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად წარგზავნილი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი. იმავე წელს მისი უშუალო მონაწილეობით დაფუძნდა ქართული ლეგაცია სტამბოლში. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ (1921 წლის თებერვალ-მარტი) გრიგოლ რობაქიძე აქტიურად ჩაება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რისთვისაც მუდმივად განიცდიდა დევნას ბოლშევიკურ-კომუნისტური იდეოლოგიის წარმომადგენელთა მხრიდან. 1931 წლიდან გარდაცვალებამდე იყო პოლიტიკური ემიგრანტი. მან საქართველო 1931 წელს დატოვა, თუმცა გრიგოლ რობაქიძისათვის გერმანიაში წასვლისთანავე არ ჩამოურთმევიათ საბჭოთა მოქალაქეობა. ეს მოხდა მხოლოდ 1935 წელს, როცა მთავრობას გადაეწურა მისი დაბრუნების იმედი. საბჭოთა ხელისუფლებამ მწერლის წინააღმდეგ სასტიკი და ცილისმწამებლური კამპანია გააჩაღა. მას ფაშისტობაც კი დასწამეს. გრ. რობაქიძე „სოციალისტური სამშობლოს“ მტრად გამოცხადდა, რის გამოც  აიკრძალა მისი ნაწარმოებები.  მაშინ მხოლოდ რამდენიმე მწერალს ეყო გამბედაობა, გამოსარჩლებოდა გრიგოლ რობაქიძეს –  მათ შორის იყო მიხეილ ჯავახიშვილი.
1946 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გერმანიაში, ხოლ0 1946 წლიდან — შვეიცარიასი. იგი იყო ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი მოღვაწე. 1942 წელს მისი უშუალო მოღვაწეობით ემიგრაციაში დაარსდა ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, რომლის ერთ–ერთი ლიდერი სწორედ გრიგოლ რობაქიძე იყო. იგი გახლდათ, ასევე, ანტიბოლშევიკ ერთა ლიგის თვალსაჩინო მოღვაწე.
გერმანიაში ემიგრირებული გრიგოლ რობაქიძე ძალზე სერიოზულად ჰკიდებს ხელს სამწერლო მოღვაწეობას. მასზე, როგორც მწერალზე, უდიდესი გავლენა იქონია ფრიდრიხ ნიცშეს ნაშრომებმა. მის პირველ რომანს „გველის პერანგი“ თავდაპირველად ქართულ ენაზე გაეცნო მკითხველი (დაიბეჭდა თბილისში, 1926 წელს), მოგვიანებით რომანის ავტორისეული თარგმანი, სტეფან ცვაიგის შესავალი წერილით, 1928 წელს იენაში დაიბეჭდა. იენაშივე გამოვიდა გერმანულად დაწერილი მისი თხზულებები:  რომანები „ჩაკლული სული“ (1932), „ქალღმერთის ძახილი“ (1934) და „გრაალის მცველნი“ (1937), ესეების კრებული „დემონი და მითოსი“ (1935).  დიდი პოპულარობა მოიპოვა გერმანულ და სხვა ენებზე რამდენჯერმე გამოცემულმა მისმა კრებულმა „კავკასიური ნოველები“ (ლაიფციგი, 1932), რომელიც გრიგოლ რობაქიძეს ჯერ ქართულად ჰქონია დაწერილი, მოგვიანებით კი გერმანულ ენაზე ითარგმნა ავტორის უშუალო მონაწილეობით. გრიგოლ რობაქიძის კიდევ ერთი გერმანულენოვანი რომანი „მეგი – ქართველი ასული“ (ტიუბინგენი, 1932) 1934 წელს იტალიურ ენაზე  მილანში დაიბეჭდა სათაურით „მედეას ნაწნავები“. გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებას სხვადასხვა დროს უმაღლესი შეფასება მისცეს შტეფან ცვაიგმა, რომენ როლანმა, ნიკოს კაზანძაგისმა და მსოფლიო ლიტერატურის სხვა გამოჩენილმა წარმომადგენლებმა. რობაქიძე არჩეული იყო ევროპის რამდენიმე ლიტერატურული საზოგადოების წევრად. აღსანიშნავია, რომ 1960-იანი წლების დამდეგს გადაწყვეტილი იყო მისი წარდგენა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე, რასაც ხელი შეუშალა მწერლის გარდაცვალებამ 1962 წლის 19 ნოემბერს. გრიგოლ რობაქიძე გარდაიცვალა ქალაქ ჟენევაში და იქვე დაკრძალეს, თუმცა 1976 წელს ქართველი ემიგრანტების ნინო და კალისტრატე სალიების თაოსნობით საფრანგეთში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე გადაასვენეს. მისი ბინა პოლიციამ დალუქა, არქივი კი ლიკვიდაციას შვეიცარიელი მეგობრების ძალისხმევით გადაურჩა.                               
გრიგოლ რობაქიძეს დარჩა გერმანულ ენაზე დაწერილი გამოუქვეყნებელი ნარკვევები და ლირიკული ლექსები, კერძოდ: „ატლანტური ზმანება, ანუ ქართული მითოსი“, „იზისის წყაროსთან“, „ფრიდრიხ ნიცშე“, „ტეხნე და მითოსი“, „მომაკვდავი არწივი“, „ჰიმნი ორფეოსისადმი“ და სხვ. ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა: „ბარათები ბოდენის ტბიდან“, ,,საქართველოს სათავენი“, „წყაროს თვალი“, „ქართული მითოლოგიიდან–პრომეთე,დალი“, „საქართველო–მსოფლიო თვალთახედვით“; „პოეზიის სამყაროდან“; ,,სათავენი ჩემი შემოქმედებისა“;  „საქართველო ჯვაროსანთა ეპოქაში“; „ქართული გენია როკვით განფენილი“; „ვაჟას ენგადი“, „საუბარი კარდუსთან“, ექსპრესიონიზმი“, „მიხეილ ჯავახიშვილი–ნიკო ფიროსმანი“, „სხვადასხვა (ქართული ლიტერატურიდან)“ და სხვ.  ესსე პორტრეტი – „ივანე ჯავახიშვილი“ რობაქიძეს დაუწერია 1944 წელს.  გამოქვეყნდა 1967 წელს პარიზში; 1962 წელს პარიზშივე დაიბეჭდა გრიგოლ რობაქიძის წერილი ,,გალაკტიონ ტაბიძე და მისი ,,ქებათა ქება ნიკორწმინდას“.