ქართული ემიგრანტული მწერლობა

 
Web Institute

მეცნიერება

 

 

 

 

 

 

 

 

 

შალვა ბერიძე

შალვა ბერიძე დაიბადა 1892 წლის 29 თებერვალს ახალ–სენაკში. დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია, შემდეგ - ხარკოვის უნივერსიტეტი. 1934 წელს ემიგრაციაში ყოფნისას დაამთავრა სორბონას უნივერსიტეტი. ამ ხნის განმავლობაში ბეჭდავდა წერილებს ჟურნალ ,,აზიატიკში“. 1941–48 წლებში კითხულობდა ლექციებს და ქართულს ასწავლიდა ნეაპოლის აღმოსავლეთის ინსტიტუტში, სადაც მიანიჭეს პროფესორის ხარისხი. ამ პერიოდში ბეჭდავს თავის გამოკვლევებს ფრანგულ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე, მათ შორის: ,,მედიცინა აღმოსავლეთში, აზია და ევროპა“; ,,მოგზაურები კავკასიაში“; ,,პიეტრო დელლა ვალლე კავკასიაში“; ,,ქართული ენის ელემენტები“; ,,საქართველო და ფრანგული მწერლობა“; წერილები „ვეფხისტყაოსნის“ საკითხებზე. დაუბეჭდავი დარჩა ნაშრომები: ,,აზია“; ,,კავკასია“; ,,საქართველო“ (იტალიურ ენაზე). 1913 წელს ხარკოვში ბროშურის სახით გამოიცა შალვა ბერიძის რეფერატი რუსულ ენაზე ,,Непонятный гений (Илья Григорьевич Чавчавадзе как поэт-гражданин). ეს შრომა მან 1912 წელს ხარკოვის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში წაიკითხა ილია ჭავჭავაძის დაბადების 75 წლისთავის აღსანიშნავ ლიტერატურულ საღამოზე. 1917–20 წლებში შ. ბერიძეს მოსკოვსა და თბილისში რუსულ ენაზე გამოუქვეყნებია წიგნაკები ნ. ბარათაშვილის, ა.წერეთლისა და პუშკინის მეგობრის, პოეტ ვ. ტეპლიაკოვის, ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. 1917–18 წლებში შალვა ბერიძე მოღვაწეობდა მოსკოვის ლაზარევის აღმოსავლეთ ენათა ინსტიტუტში. სწორედ აქ გამართულ სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა აკადემიკოსი ნიკო მარი, მას მოხსენების სახით წაუკითხავს ნაშრომი აკაკი წერეთლის შესახებ. 1919 წელს მარტში რუსეთის მეცნიერებთა აკადემიამ ნიკო მარის ინიციატივით შალვა ბერიძეს მიანდო შეკრება და ჩაწერა მეგრული სიტყვიერებითი და ეთნოგრაფიული მასალებისა, რის გამოც 1919 წლის 15 მარტს მეცნიერი გამოემგზავრა მოსკოვიდან. 1919 წლის ივლისიდან თბილისის უნივერსიტეტის ხელშეწყობით იგი შეუდგა მუშაობას სამეგრელოში, ახალ–სენაკში. 1920 წელს თბილისში ხელნაწერის უფლებით გამოიცა მისი 220 გვერდიანი წიგნი: ,,მეგრული (ივერიული) ენა, შესავალი და მასალები“, რომლის წინასიტყვაობაში ავტორი წერდა: ,,მეგრული ენის მასალები განზრახულია სამ წიგნად: I შეიცავს შესავალს (8 თავი), ლექსებს, ზღაპრებს, ანდაზა–გამოცანებს, შელოცვებს, ლეგენდებს, ბატონყმობის ამბავს, თარგმანს მეგრულიდან ქართულად და სალექსიკონო მასალას; II - ზუგდიდი–სამურზაყანოს კილოს ტექსტებს და სამეგრელოს ეთნოგრაფიულ მიმოხილვას; III- ჯვარის ტექსტებს, როგორც განსაკუთრებული თქმის ნიმუშს სვანური ენის გავლენის გამო“. სამწუხაროდ, ეს წიგნი აღმოჩნდა პირველი და უკანასკნელი შ. მერიძის მიერ ჩაფიქრებული მრავალტომიანი გამოკვლევისა. 1930–იანი წლების დასაწყისში შალვა ბერიძეს ლონდონში ინგლისურად გამოუცია ანთოლოგია ,,ქართველი პოეტები“; ფრანგულად დაუწერია ნაშრომი ,,ბაირონი და პუშკინი“; იტალიურად – ,,ლერმონტოვი კავკასიაში“. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია შალვა ბერიძის ღვაწლი, როგორც მეცნიერ–რუსთველოლოგისა. ამ სფეროში პირველი ნაშრომი, სახელწოდებით ,,რუსთაველი“, მან 1937 წელს წაიკითხა ნეაპოლის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. ამას მოჰყვა არაერთი საინტერესო წერილი და გამოკვლევა (მათ შორის 1967 წელს გამოსული წიგნაკი იტალიურ ენაზე ,,რუსთაველი და მედიცინა“),  თუმცა რუსთველოლოგიაში მისი მოღვაწეობის დაგვირგვინებად უნდა ჩაითვალოს ,,ვეფხისტყაოსნის“ სრული პროზაული თარგმანი იტალიურ ენაზე, რომელიც 1945 წელს მილანში გამოქვეყნდა („ La Pelle di Leopardo di Sciotha Rusthaveli. Traduzione dal Georgiano di Scalva Beridze. Milano, 1945). თარგმანი შესრულებულია ,,ვეფხისტყაოსნის” 1903 წლის დავით კარიჭაშვილისეული გამოცემის მიხედვით. 1966 წელს შ. ბერიძემ შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით წაიკითხა მოხსენება ,,რუსთაველის მსოფლიო მნიშვნელობა“, ხოლო რომში იტალიურ ენაზე გამოსცა ,,ვეფხისტყაოსნის” აფორიზმები და ანდაზები. უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერს ხელნაწერის სახით დარჩენია ,,ვეფხისტყაოსნის“ სრული ფრანგული თარგმანი, რომელიც არ გამოქვეყნებულა. შალვა ბერიძე გარდაიცვალა 1970 წელს.