ქართული ემიგრანტული მწერლობა

 
Web Institute

 

მწერლობა

 

 

 

 

 

 

 

ტერენტი ყიფიანი

ტერენტი ყიფიანი დაიბადა სენაკის რაიონში 1918 წლის 1 იანვარს. აქვე დაამთავრა პედაგოგიური ტექნიკუმი და იმავე წელს (1935) ჩაირიცხა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე, სწავლის დასრულების შემდეგ 1939 წელს დაიწყო მუშაობა აბაშის რაიონში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ტერენტი ყიფიანმა 15 წლიდან დაიწყო ლექსების წერა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, 18 წლის ასაკიდან დაწერილს უფრო სერიოზულად აღიქვამდა და წერა ორგანულ მოთხოვნილებად ექცა.  ქუთაისში სწავლისას ის მეგობრობდა გიორგი ნაფეტვარიძესა და ლადო ასათიანთან, სწორედ ისინი იყვნენ ტერენტი ყიფიანის პოეზიის პირველი შემფასებლები. 1941 წლის 22 ივნისს გაიწვიეს საბჭოთა არმიაში. 1942 წლის 15 მაისს გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს 300 000 კაცი, მათ შორის ტერენტი ყიფიანი. ამავე წლის მაისის ბოლოს ვარშავის მახლობლად ტყეში აშენებულ ტყვეთა ბანაკში გადაიყვანეს, სადაც ყოველ დღე 500-600 ადამიანი იხოცებოდა. გადარჩენის ერთადერთი გზა გერმანელთა მიერ შექმნილ ბატალიონში შესვლა იყო, რომელთაც საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ეროვნების ტყვეებით ავსებდნენ. ამგვარ ბატალიონებს აღმოსავლეთის ფრონტზე უშვებნდენ, თუმცა ტყვეები ისევ საბჭოთა არმიის მხარეს გადადიოდნენ, ამიტომაც გერმანელებმა ტყვეები დასავლეთის ფრონტზეც გადაანაწილეს. 1942 წლის ოქტომბერში ასეთი გადანაწილებისას ტერენტი ყიფიანი აღმოჩნდა პოლონეთში, ქალაქ კრუშინაში. სწორედ აქ გაიგო, რომ ბერლინში გამოდიოდა გაზეთი „საქართველო“, სადაც აქვეყნებდა ლექსებს ურდოელის, ხანაც ბარათელის ფსევდონიმით. 1942 წელს ბერლინში გამოცემულ ხუთ ლექსზე წერილი დაუწერია გრიგოლ რობაქიძეს, რომელიც გამოქვეყნებულია გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ (15-21, 1991). 1943-1944 წლებში მუშაობდა ბიბლიოთეკაში, საფრანგეთში. ამგვარი სამუშაო ბევრ დრ0ს არ ართმევდა და პარალელურად ლექსებსაც წერდა ფრონტზე მიღებულ შთაბეჭდილებებზე. საფრანგეთში გამოდიადა გაზეთი „ლეგიონერი“, რომელთანაც პოეიტი აქტიურად თანამშრომლობდა და საკუთარ ლექსებს გზავნიდა. 1945 წელს ბერლინში გამოიცა კრებული „ლექსები“ ვახტანგ ურდოელის სახელით (რომლის შესახებაც თავად ავტორმა არც იცოდა). ტერენტი ყიფიანი სამშობლოში 1946 წლის მარტში დაბრუნდა.  ის დააპატიმრეს ტყვედ ჩავარდნის გამო და დაახლოებით ოთხი წელი დაჰყო საპატიმროში. ამის შემდეგ იგი სენაკში დაბრუნდა და ორმოცი წლის განმავლობაში პედაგოგად მუშაობდა, ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას.