ქართული ემიგრანტული მწერლობა

 
Web Institute

 

მწერლობა

 

ვიტალი უგრეხელიძე

ვიტალი უგრეხელიძე დაიბადა 1901 წელს ქ. ქუთაისში ცნობილი იურისტის პლატონ დიმიტრის ძე უგრეხელიძის ოჯახში. ვიტალი უგრეხელიძე სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, სკოლა ჯერ დამთავრებულიც არ ჰქონდა, რომ პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და მშობლებისგან მალულად 14 წლისა მოხალისედ ჩაეწერა ჯარში, ის მონაწილეობდა ბრძოლებში თურქეთის ფრონტზე. მშობლებმა მოახერხეს მისი უკან დაბრუნება, რის შემდეგაც მან წარმატებით დაამთავრა გიმნაზია. საქართველოს დამოუკიდებლობის დროს თბილისში დაარსდა იუნკერთა სკოლა, სწორედ აქ ჩაირიცხა ვიტალი უგრეხელიძე საარტილერიო განხრით და წითელი არმიის შემოსვლის დროს სკოლის კურსანტებთან ერთად იცავდა სამშობლოს. დამარცხების შემდეგ ისიც მთელ სკოლასთან ერთად მთავრობას გაჰყვა უცხოეთში. ქ. კონსტანტინოპოლიდან ასი კურსანტი მარშალ პისუდსკიმ მიიწვია პოლონეთში. აქ ვიტალი უგრეხელიძემ წარმატებით დაამთავრა სამხედრო სკოლა და ლეიტენანტის წოდებით გაიგზავნა რუსეთის ფრონტზე. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ გასაბჭოებულ პოლონეთში დარჩენა აღარ ისურვა და საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა. ვიტალი უგრეხელიძე ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდა, წერდა სტატიებს გაზეთებისა და ჟურნალებისთვის, უმთავრესად, პოლონურად და ქართულად. ამავე დროს, პოლონურიდან ქართულად თარგმნიდა თავის საყვარელ ავტორებს. ვიტალი უგრეხელიძე გარდაიცვალა 82 წლის ასაკში, 1983 წლის 15 იანვარს, ლონდონში.