ქართული ემიგრანტული მწერლობა

 
Web Institute

 

მწერლობა

 

გიორგი ყიფიანი

გიორგი (ტუხია) ყიფიანი დაიბადა 1910 წელს ქუთაისში. სრულიად ახალგაზრდა ჩაება ეროვნულ მოძრაობაში. თხუთმეტი წლისამ მიიღო მონაწილეობა 1924 წლის აჯანყებაში და სულ რაღაც ორი–სამი წლის შემდეგ იძულებული გახდა, სამშობლოდან გადახვეწილიყო. პარიზში ჩასული ჭაბუკი მიჰკედლებია ცნობილ ქართველ ლიტერატორებს – ვიკტორ ნოზაძეს, ედუარდ პაპავასა და ისიდორე მანწკავას, რომლებიც ამ დროს უკვე საფრანგეთის დედაქალაქში მოღვაწეობდნენ და გამოსცემდნენ ჟურნალებს „კავკასიონს“ და „ორნატს“. 1930 წლიდან გ. ყიფიანის პირველი ლექსები უკვე იბეჭდება „კავკასიონში“ და ქართულ ემიგრანტულ პერიოდულ ორგანოებში, ხოლო 1935 წელს დ. ხელაძემ პარიზში გამოსცა მისი ლექსების პირველი კრებული. მას შემდეგ გ. ყიფიანი კიდევ ხუთი პოეტური კრებულის ავტორი გახდა: 1951 წელს ისევ დ. ხელაძის მიერ პარიზში გამოიცა გ. ყიფიანის „რჩეული შაირების კრებული“, 1965 და 1973 წლებში კი ვიქტორ ნოზაძემ განახორციელა გ. ყიფიანის მესამე და მეოთხე პოეტური კრებულების გამოცემა: „ლექსები, 1930–1965“ და „პოეზიის და სიცოცხლის ვაზი 1965–1973“. 1975 წელს პარიზში ფრანგულ ენაზე გამოვიდა გიორგი ყიფიანის ლექსების წიგნი სათაურით ,,ერთი ქართველი პოეტი პარიზში“. 1979 წელს დაიბეჭდა მეექვსე კრებული „ირინე და გიორგი ყიფიანი, საზიარო პოეზია“, რომელიც ეძღვნება ვიქტორ ნოზაძის ხსოვნას). გიორგი ყიფიანი იყო აქტიური წევრი „ქართველ მწერალთა და ჟურნალისტთა საზოგადოებისა“ და სამოციანი წლებიდან სიკვდილამდე მისი თავმჯდომარე. ვ. ნოზაძის გარდაცვალების შემდეგ გიორგი ნოზაძესა და მიხეილ ქავთარაძესთან ერთად თავისი ფაქტობრივი რედაქტორობით გააგრძელა სამოციან წლებში კვლავ აღდგენილი ჟურნალ „კავკასიონის“ გამოცემა პარიზში. 1976 წლიდან მოყოლებული გამოსცა მე–18, მე–19 და მე–20 ნომრები. გიორგი ყიფიანი გარდაიცვალა 1986 წელს, პარიზში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.