შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
SHOTA RUSTAVELI INSTITUTE OF GEORGIAN LITERATURE
    English  English
0108,  თბილისი,  კოსტავას ქ. 5     ფაქსი: (995 32) 299-53-00   ტელ: (995 32) 299-53-00; 298-26-76   E-mail: litinstituti@yahoo.com  

ელექტრონული ჟურნალი "LITINFO"

ლიტერატურის ინსტიტუტის ციტირების სტილი

სამეცნიერო ჟურნალის "სჯანი" ციტირების სტილი

ელექტრონული ჟურნალი სტუდენტებისათვის "სტუდენტური კვლევები"

ვებ–გვერდი "ლიტერატურათმცოდნეობა"
(ტექსტები)

კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია /GCLA/

ჩვენი ფეისბუკის გვერდი




 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის

"ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი. XX საუკუნის გამოცდილება"

 

ანგარიში
 

2009 წლის 7-9 ოქტომბერს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ორგანიზებით, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციისა (GCLA) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანაორგანიზებით და ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდი) ფინანსური მხარდაჭერით, ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია _ "ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი. XX საუკუნის გამოცდილება".

კონფერენცია მიეძღვნა საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის ფონზე მიმდინარე XX საუკუნის სალიტერატურო პროცესის ანალიზს, შეფასებას, რევიზიას და რეინტერპრეტაციას; ამ ეპოქის ლიტერატურათმცოდნეობითი ტენდენციების განხილვას და კლასიფიკაციას.

            კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთთავის შეთავაზებული იქნა შემდეგი თემატიკა:

  • ტოტალიტარიზმის ეპოქის მითები და სტერეოტიპები;

  • ტოტალიტარიზმი და ალტერნატიული აზროვნების მოდელები;

  • ტოტალიტარიზმის ეპოქის ლიტერატურული ჟანრები;

  • ტოტალიტარული ტექსტი და ლიდერის კონცეპტი;

  • შემოქმედებითი ტექსტის ინტერპრეტაციის სპეციფიკა ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში;

  • დისიდენტური ლიტერატურა;

  • აკრძალული და დასახიჩრებული ტექსტები ცენზურის დიქტატის პირობებში;

  • საჯარო და ინტელექტუალური კრიტიკა;

  • ტოტალიტარიზმი შორეული პერსპექტივებიდან (ცენტრი და ემიგრაცია);

  • ტოტალიტარული ტექსტის ფორმირება და რღვევა.

            კონფერენციის სამუშაო ენებად გამოცხადდა ქართული, ინგლისური და რუსული.

            კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად საორგანიზაციო კომიტეტში შემოსული 160-ზე მეტი განაცხადიდან, საექსპერტო კომისიის მიერ შეირჩა 96 მოხსენება. კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტი, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უინივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ..), ასევე - ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, რუმინეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, პოლონეთისსლოვენიის, ინდოეთის, მალაიზიის, ლატვიის, ლიტვის, უკრაინის, რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის სამეცნიერო-კვლევითი და საუნივერსიტეტო ცენტრების წარმომადგენლები, სულ ოცდარვა უცხოელი სტუმარი.

      საერთაშორისო კონფერენცია ინტერდისციპლინური ხასიათისა იყო, რადგან მასში, ფილოლოგების - ლიტერატურათმცოდნეთა (მათ შორის კომპარატივისტების) და ენათმეცნიერების გარდა, მონაწილეობდნენ ფილოსოფოსები, ისტორიკოსები, სოციოლოგები და ხელოვნებათმცოდნენი.

      კონფერენციის ფარგლებში ასევე მომზადდა და ჩატარდა სტუდენტთა პირველი სამეცნიერო კონფერენცია ლიტერატურის თეორიაში სადაც მოხსენებებით წარდგნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის  ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ათი სტუდენტი.

      საერთაშორისო კონფერენცია - `ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი. XX საუკუნის გამოცდილება~ საზეიმოდ გაიხსნა 7 ოქტომბერს, "შერატონ-მეტეხი პალასის" საკონფერენციო დარბაზში. გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბატონი ნოდარ სურგულაძე, ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდი) დირექტორი, ქალბატონი თინათინ ბოჭორიშვილი, კონფერენციის მონაწილეები, რომელთაც წინასწარ გაიარეს რეგისტრაცია.

      შესავალი სიტყვით გამოვიდა და კონფერენცია გახსნილად გამოაცხადა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ირმა რატიანმა, კონფერენციას  მიესალმნენ მოწვეული სტუმრები. პლენარულ სხდომაზე მოხსენება თემაზე - "ტოტალიტარული და ნაციონალური კულტურული მოდელები, როგორც ბინარული ოპოზიციები" - წაიკითხა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ბელა წიფურიამ.

      კონფერენციის შემდგომი მუშაობა გაგრძელდა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, სადაც სამი  დღის განმავლობაში,  16 სექციაზე წაკითხული იქნა 90 მოხსენებაიმ ექვსი მონაწილის მოხსენებები, რომელთაც ობიექტური მიზეზების გამო, საქართველოში ჩამოსვლა ვერ მოახერხეს, სტენდებზე გამოიკრა და მათი გაცნობის საშუალება მიეცა დანარჩენ მონაწილეებს.

               კონფერენციის ფარგლებში მოეწყო მრგვალი მაგიდა თემაზე - "მწერლობის მოთვინიერება", რომელშიც კონფერენციის მონაწილეთა დიდმა უმრავლესობამ მიიღო მონაწილეობა. ასევე, მოწვეულნი იყვნენ ქართველი მწერლები, რომელთაც უშუალოდ საკვლევ ეპოქაში უხდებოდათ შემოქმედებითი მოღვაწეობა.

      საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, გარდა უშუალოდ სამეცნიერო სექციების მუშაობისა, დაიგეგმა და განხორციელდა სხვა კულტურული ღონისძიებები: უცხოელი სტუმრებისათვის მოეწყო ექსკურსიები მცხეთასა და სიღნაღში, ინსტიტუტში ჩატარდა პიატიგორსკის სახელმწიფო ლინგვისტური უნივერსიტეტის მხატვრულ-ლიტერატურული და სამეცნიერო პუბლიცისტური ჟურნალის - "მეგალოგის" პრეზენტაცია, რომელიც დამსწრეთ მისმა მთავარმა  რედაქტორმა, ამავე უნივერსიტეტის პროფესორმა და ჩრდილოკავკასიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, კონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემალმირა კაზიევამ წარუდგინაპრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ ახალგაზრდა ქართველი მწერლები. ასევე - რუმინელი მეცნიერმა ელენა დულგერუ-ჯეკუმ, კონფერენციის თემატიკიდან გამომდინარე, დამსწრეთ უჩვენა რუმინული მხატვრული ფილმი, რომელიც ამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ მოგვითხრობს. კონფერენციის დახურვის დღეს, მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ, ლიტველმა იურატე ლანდსბერგიტემ თბილისის კათოლიკურ ტაძარში  მონაწილეებისათვის გამართა საორღანო მუსიკის  კონცერტი, ეგიდით - "თავისუფლების ზარები".    

                კონფერენციის მსვლელობისას, ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიერ არაერთი სამომავლო სამეცნიერო პროექტი დაიგეგმა.

                კონფერენცია 9 ოქტომბერს საზეიმოდ დაიხურა.

*



 
Web Institute


Copyright © 2006 SHOTA RUSTAVELI INSTITUTE OF GEORGIAN LITERATURE